კამპანია „ეს შენ გეხება“ მოქმედებების მომდევნო ეტაპზე გადადის
კამპანია „ეს შენ გეხება“ მოქმედებების მომდევნო ეტაპზე გადადის
19:07 06.05.2012
კამპანია „ეს შენ გეხებას“ მეორე ეტაპი ხვალიდან იწყება.
როგორც „ნიუსპრესს“ „ეს შენ გეხებადან“ აცნობეს, მომდევნო ეტაპი „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანას და საარჩევნო პერიოდში მედიაგარემოს გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კამპანიის მონაწილეები საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტს ხვალ შეიტანენ.
მათივე ინფორმაციით, საკანონმდებლო წინადადებები სხვადასხვა საკითხების მოგვარებას ითვალისწინებს, მათ შორისაა - არჩევნების დღეს ხმის დათვლის პროცედურის დახვეწა; საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების რეგულირება; წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობა და საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიებისთვის მედიათანაბრობის უზრუნველყოფა.
არჩევნების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიის წარმომადგენლება კამპანია „ეს შენ გეხება“ მიმდინარე წლის 13 თებერვალს წამოიწყეს. კამპანიის მიზანი საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა და წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაა. კამპანიის პირველი ეტაპის ფარგლებში, საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა პეტიცია შემიუშავეს, რომელიც საკანონმდებლო წინადადების პაკეტთან ერთად, პარლამენტს 17 თებერვალს წარუდგინეს. წინადადებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მათ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს გააცნეს.
საკანონმდებლო წინადადებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები საკანონმდებლო ორგანოსთან ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 31 მარტს, ხოლო მეორე მოსმენით 25 აპრილს მიიღო. საკანონმდებლო ორგანო კანონპროექტს მესამე მოსმენით მიმდინარე კვირაში განიხილავს.


ბეჭდვა