პატრიარქმა ქადაგებისას გამარჯვებულ-დამარცხებულის ცნებაზე ისაუბრა
პატრიარქმა ქადაგებისას გამარჯვებულ-დამარცხებულის ცნებაზე ისაუბრა
14:11 06.05.2012
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილიამ მეორემ დღეს საზოგადოებას გიორგობის დღესასწაული მიულოცა და ქადაგებისას გამარჯვებულ-დამარცხებულის ცნებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, დღესდღეობით, გამარჯვებული და დამარცხებული აქტუალური თემაა, თუმცა, ვისაც თავი გამარჯვებული ჰგონია, ის დამარცხებულია და პირიქით.

იგი განმარტავს, რომ ამის ნათელი მაგალითი წმინდა გიორგი და მისი გმირობაა.

„ჩვენს წინაშე ორი პიროვნებაა - წმინდა გიორგი და მისი მტანჯველი იმპერატორი დიოკლეტიანე. ერთი თითქოს გამარჯვებული და მეორე დამარცხებული. თუმცა, ვინ არის გამარჯვებული და ვინ დამარცხებული, ეს დრომ გვაჩვენა. ვხედავთ, რომ წმინდა გიორგიმ დიოკლეტიანე სულიერად დაამარცხა“ - განაცხადა პატრიარქმა.

მისივე განმარტებით, როდესაც წმინდა გიორგი ყველას მიტოვებული ეგონა, მას საკანში უფლის ხმა ჩაესმა - „ნუ გეშინია, მე შენთან ვარ“.

„ასეა ყოველი გაჭირვებული ადამიანი და ასევეა საქართველო. საქართველოს დღეს ესმის უფლის ხმა - ნუ გეშინია, მე შენთან ვარ“-განაცხადა ილია მეორემ.

მისი განმარტებით, გიორგობა საერო და საეკლესიო დიდი დღესასწაულია.

„შევთხოვოთ უფალს, რომ წმინდა გიორგის ლოცვით გააძლიეროს და გაამთლიანოს საქართველო“ - აღნიშნა ილია მეორემ.

პატრიარქმა დღეს დეკანოზი იოანე როსტიაშვილი დამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა და რამდენიმე გვარი დალოცა.

ბეჭდვა