„გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფმა“ ავჭალაში აქცია გამართა
„გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფმა“ ავჭალაში აქცია გამართა
17:33 05.05.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის“ ხელმძღვანელმა ლაშა ჩხარტიშვილმა დღეს ავჭალაში საპროტესტო აქცია გამართა და თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის დროს საერთაშორისო სტანდარტების დაცვა მოითხოვა.
როგორც ავჭალაში ბავშვთა სანატორიუმთან გამართულ აქცია-ბრიფინგზე ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, რკინისგზის მშენებლობის დროს, სანატორიუმის ტერიტორიაზე უნიკალურ ბაღში ოთხასწლოვან მუხებს გაჩეხვა ემუქრება.
მისი თქმით ერთი ხე უკვე მოიჭრა. ასევე გაყავთ გვირაბი, მიწას კი ისე ყრიან რომ მოსახლეობას საფრთხე ექმნება.
ჩხარტიშვილის განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ბავშვთა ორთოპედიული საავადმყოფო-სანატორიუმის დახურვაც მიუღებელია.
„ადგილობრივი მოსახლეობა და სანატორიუმის ექიმები მის დახურვას შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის პროექტს უკავშირებენ“- აღნიშნა ჩხარტიშვილმა.
მისივე თქმით რკინიგზის პროექტის მიმართულების შეცვლა შესაძლებელია, რაც ბაღს გაჩეხვისა და მოსახლეობას მავნე ზეგავლენისგან დაიცავს.


ბეჭდვა