ავიაციის ყოფილმა თანამშრომლებმა კომპენსაციის ყოველთვიური თანხის გაზრდის მოთხოვნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დღეს მორიგი აქცია გამართეს.
როგორც „ნიუსპრესს“ „საქართველოს მფრინავთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა ალბერტ ნურბეკიანმა განუცხადა, ავიაციის ყოფილი თანამშრომლები სახელმწიფოსგან ყოველთვიურად 100 ლარამდე დახმარებას იღებენ, რაც მათ საარსებოდ არ ჰყოფნით.
მისი თქმით, მფრინავის პენსია 100 ლარი მხოლოდ საქართველოშია. სხვა ქვეყნებში ავიაციის თანამშრომლები მაღალ კომპენსაციას იღებენ.
„საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც დაბალი პენსიაა. ჩვენი ავიაბაზარი გაყიდულია, ხელოვნურად გაანადგურეს ავიაცია და ჩვენ, ვეტერანები მშივრები დავრჩით“- განაცხადა ალბერტ ნურბეკიანმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართულ წინა აქციაზე გამოხმაურება ჯერ არ მიუღიათ.
ავიაციის ყოფილი თანამშრომლები მორიგ აქციას 7 მაისს, 13:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ გამართავენ.
