სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე ქალაქში არ იმყოფება.
ამის შესახებ „სამოქალაქო სოლიდარობის კამპანიის“ წარმომადგენელს შორენა შავერდაშვილს მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა თეა სუხიშვილმა ტელეფონზე საუბრისას განუცხადა.
„სამოქალაქო სოლიდარობის კამპანიის“ წარმომადგენლები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები სასჯელაღსრულების სამინისტროსთან დღეს კალმახელიძესთან შეხვედრის მოთხოვნით შეიკრიბნენ და სამინისტროს შენობაშიც შევიდნენ.
ისინი ითხოვენ პირადად მინისტრისგან მოისმინონ ახსნა-განმარტება რამდენიმე დღის წინ მე-18 დაწესებულებაში პატიმარის ზურაბ დელიანიძის გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით. გარდაცვლილი დელიანიძის ფოტოები ინტერნეტში გუშინ გავრცელდა. ფოტოებზე ჩანს რომ დელიანიძეს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ დელიანიძის გარდაცვალების ფაქტი ბევრ კითხვას ბადებს.
მათი განმარტებით, საგულისხმოა ისიც, რომ ეს არ არის პატიმრის გარდაცვალების პირველი ფაქტი და ბოლო პერიოდში მსგავსი რამ ხშირად ფიქსირდება.
