მიხაკო წერეთელს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ
მიხაკო წერეთელს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ
15:55 04.05.2012
ცნობილ ქართველ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეს მიხაკო წერეთელს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, იოსებ გრიშაშვილის გვერდით დაკრძალავენ.

შესაბამისი გადაწყვეტილება მიხაკო წერეთლის ნეშტის საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით შექმნილმა საგანგებო კომისიამ დღეს მთაწმინდაზე გამართულ გასვლით სხდომაზე მიიღო.

როგორც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, კომისიის თავმჯდომარე პაპუნა დავითაიამ აღნიშნა, წერეთლის ნეშტის მთაწმინდის პანთეონში დასვენება ერის წინაშე მისი განსაკუთრებული დამსახურების გამო გადაწყდა.

„მიხაკო წერეთლის განუზომლად დიდი ღვაწლიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, მისი სამუდამო განსასვენებელი მთაწმინდის პანთეონში მოგვეძებნა“-აღნიშნა მან.

მისივე თქმით, კომისიის გადაწყვეტილებით, მიხაკო წერეთლის საფლავის პროექტზე კონკურსი გამოცხდდება.

მიხაკო წერეთლის ნეშტს ლევილიდან საქართველოში, სავარაუდოდ, ივნისში გადმოასვენებენ.

კომისიის მომდევნო სხდომა მაისის შუა რიცხვებშია დაგეგმილი.
მანამდე პაპუნა დავითაია საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებთ მოლაპარაკებებს საფრანგეთში გამართავს.

მიხაკო წერეთელმა საქართველო რუსეთის ოკუპაციის შემდეგ დატოვა. იგი სამეცნიერო მუშაობას ეწეოდა ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში, მისი სტატიები და ნაშრომები მსოფლიოს წამყვან ჟურნალ-გაზეთებში ქვეყნდებოდა. მიხაკო წერეთელი პოლიტიკური ორგანიზაცია ,,თეთრი გიორგის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო.

ბეჭდვა