თბილისის საკრებულოს „ქრისტიან-დემოკრატი წევრი“ ჯაბა სამუშია ადგილობრივ ხელისუფლებას დედაქალაქში მიკროავტობუსების ხაზების მონიტორინგისკენ მოუწოდებს.
როგორც სამუშიამ დღეს თბილისის საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ ინფორმაცია დედაქალაქში 2 500 მიკროავტობუსის შემოყვანის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.
„თბილისში მოქმედი ხაზები შევისწავლეთ და აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 20-მდე ხაზზე ისევ ძველი მიკროავტობუსები დადის. ჩვენმა მონიტორინგმა ასევე, დააფიქსირა, რომ ხაზების სავალდებულო რაოდენობა შემცირებულია, რაც მიკროავტობუსებში გაუსაძლის მდგომარეობას იწვევს“ - აღნიშნა სამუშიამ.
მისივე განცხადებით, „თბილისის მიკროავტობუსმა“ პირობა არ შეასრულა - სამარშრუტო ტაქსების ფასებიც გაიზარდა და კომფორტიც ფაქტობრივად იგივე დარჩა.
სამუშია ხელისუფლებას, ამ საკითხის გამოძიების ან კომპანიისთვის ლიცენზიის შეჩერებისკენ მოუწოდებს.
