ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დღეს პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის მიხაკო წერეთლის ნეშტის საფრანგეთიდან
საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის გასვლითი სხდომა გაიმართება.
კომისიას დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია ხელმძღვანელობს.
მას შემდეგ, რაც კომისია წერეთლის ანდერძს შეისწავლის, მისი დაკრძალვის ადგილი გადაწყდება.
ნეშტის ლევილიდან საქართველოში გადმოსვენების შემდეგ, თბილისის რამდენიმე ქუჩას და ერთ-ერთ სკოლას მიხაკო წერეთლის სახელი დაერქმევა.
გარდა ამისა, კომისიის საქართველოში მიხაკო წერეთლის პიროვნების, ღვაწლისა და ნაშრომების პოპულარიზაციაზე იზრუნებს.
როგორც ცნობილია, მიხაკო წერეთელმა საქართველო ბოლშევიკური რუსეთის მიერ ოკუპაციის შემდეგ დატოვა. იგი სამეცნიერო მუშაობას ეწეოდა ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში, მისი სტატიები და ნაშრომები მსოფლიოს წამყვან ჟურნალ-გაზეთებში ქვეყნდებოდა. მიხაკო წერეთელი პოლიტიკური ორგანიზაცია ,,თეთრი გიორგის“ ერთ-ერთი დამფუძნებელიც იყო.
კომისიის შემადგენლობაში შედიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები, ასევე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა და მიხაკო წერეთლის ნათესავები.
