პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, დღეს, „სამოქალაქო სოლიდარობის კამპანიამ“ რუსთაველის ძეგლთან
სახელწოდებით - „ჩვენ ვიმსახურებთ თავისუფალ მედიას“ აქცია გამართა.
აქციას ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ჟურნალისტ ია ანთაძის თქმით, სამწუხაროა, რომ აქციის მთავარი ლოზუნგი „ჩვენ ვიმსახურებთ თავისუფალ მედიას“, მთელ საქართველოზე არ ვრცელდება.
„წლების განმავლობაში ხალხი სიმართლის ნაცვლად პროპაგანდას იღებდა და პროპაგანდის საფუძველზე აკეთებდა პოლიტიკურ არჩევანს, აქედან გამომდინარე, უნდა ვეცადოთ გავამრავლოთ იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომელიც თავისუფალ მედიას იმსახურებენ. ეს აქციაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება“ - აღნიშნა ანთაძემ.
ჟურნალისტ ნინო ზურიაშვილის თქმით, აქციის მთავარი პროტესტის საგანია ის, რომ მედია ხელისუფლების კონტროლქვეშაა, ასევე, ის, რომ ხელისუფლება აქტიურად ერევა მედიის საქმიანობაში და ბიზნესსაც აკონტროლებს.
„არ არის უსაფრთხო, რომ მცირე მეწარმეებმა რეკლამა განათავსონ იმ ტელევიზიებში, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან არ კონტროლდება. ხელისუფლება იმასაც აკონტროლებს, რომ ტელევიზიები, რომლებიც მისი გავლენის ქვეშ არ არიან, მაყურებლისთვის ხელმისაწვდომი არ იყოს. ეს ყოველივე ჩიხში აქცევს თავისუფალ მედიას და მის განვითარებას აფერხებს“ - განუცხადა „ნიუსპრესს“ ზურიაშვილმა.
აქციის მონაწილეთა თქმით, მთავარი მოთხოვნაა - ხელისუფლება არ ჩაერიოს მედის თავისუფლებაში - არც შემოსავლების და არც სარედაქციო დამოუკიდებლობის კუთხით.
დღევანდელ აქციაზე სიმბოლურად ქართული მედიის საფლავის ქვა მოიტანეს და გვირგვინით შეამკეს.
