„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მედიის მთავარ პრობლემად მის პოლარიზებას ასახელებს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მედიის მთავარ პრობლემად მის პოლარიზებას ასახელებს
18:49 03.05.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური საქართველოში პრესის თავისუფლების საკითხში  მთავარ პრობლემად მედიაგარემოს პოლარიზებას ასახელებს.
როგორც გიგაურმა „ნიუსპრესს“ განუცხადა, მედიასაშუალებების პოლარიზება განსაკუთრებით ტელესივრცეში ვლინდება. მისი განმარტებით, ხელისუფლებისგან კონტროლდებადი ტელევიზიები მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებს ემსახურებიან, ხოლო შედარებით დამოუკიდებელ არხებს, მაუწყებლობის არეალი შეზღუდული აქვთ.
რაც შეეხება, პრესას, გიგაურის განცხადებით, აქ პოლარიზება ნაკლებად შეინიშნება, თუმცა, ამ სეგმენტს უმთავრესი პრობლემა ფინანსების ნაკლებობასთან აქვს.
რაც შეეხება რეგიონებს, გიგაურის განმარტებით, რეგიონებში ჟურნალისტების უფლებების დაღვევის ფაქტები ცენტრთან შედარებით ხშირია.
მან, ასევე, განმარტა, რომ პრესის თავისუფლებაზე უარყოფით გავლენას სარეკლამო ბაზარიც ახდენს. კონკრეტულად კი, დღეს მედიაბაზარს რამდენიმე მსხვილი სააგენტო აკონტროლებს, რომლებიც ხელს სახელისუფლებო მედიაარხებს უწყობენ, ხოლო დამოუკიდებელ საშუალებებს შემოსავლის წყაროს უზღუდავენ.
გიგაურის აზრით, აუცილებელია და განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, რომ პრესას თავისუფლად მუშაობის საშუალება ჰქონდეს.
3 მაისი პრესის თავისუფლების დღედ მსოფლიოს მასშტაბით 90-იანი წლებიდან აღინიშნება. ეს დღე მსოფლიო საზოგადოებას შეახსენებს, რომ სხვადასხვა სახელმწიფოში აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება ჯერ კიდევ ირღვევა, რაც ჟურნალისტებს ხშირად თავისუფლების, ზოგჯერ კი, სიცოცხლის ფასად უჯდებათ.

ბეჭდვა