სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი განათლების სისტემის რეფორმას აპროტესტებს, რომლის ფარგლებშიც უმაღლესი სასწავლებლების სტატუსის შეცვლა იგეგმება.
აღნიშნულთან დაკავშირებით სტუდენტებმა პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები გამარტავენ, რომ სასწავლებელები არასამეწარმეო იურიდულ პირებად ჩამოყალიბდებიან, რითაც განათლების სამინისტრო ყველანარ პასუხისმგებლობას იხსნის, მათ შორის სტუდენტებისთვის ფინანსური დახმარებაც შეუძლებელი იქნება.
„მოვითხოვთ სახელმწიფომ სრულად გააკონტროლოს უმაღლესი სასწავლებლების მიერ სწავლის გადასახადის ოდენობა და დაწესდეს საფასურის ზღვარი. სამწუხაროდ სახელმწიფომ სრულად მოიხსნა პასუხიმგებლობა და აღარ არის დაინტერესებული იმ პრობლემებით, რაც დღეს სტუდენტებს აქვთ“- განუცხადა „ნიუსპრესს“ სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ალექსანდრე კობაიძემ.
მისივე თქმით, სტუდენტებმა არაერთხელ მიმართეს სახელმწიფო უწყებებს მათი პრობლემებით დაინტერესებულიყვნენ, თუმცა, პასუხი არ მიუღიათ.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ რექტორის არჩევნებსაც აპროტესტებენ.
სტუდენტების განმარტებით, არჩევნები უნივერსიტეტში „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის დარღვევით ჩატარდა, რადგან ტექნიკური უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიამ და აკადემიურმა საბჭომ გარდა მოქმედი რექტორისა, რეგისტრაციაში სხვა კანდიდატები არ გაატარეს.
