პრესის თავისუფლების დღისადმი მიძღვნილი აქცია - „მე რეპორტიორი ვარ და არა ჯაშუში“ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წინ გაიმართა.
აქციას პერფორმანსის სახე ჰქონდა, რითიც მონაწილეების განცხადებით, მათ ქართული მედიის დღევანდელი მდგომარეობა გამოხატეს. სასახლის წინ საკანი იდგა, რომელშიც პრესა იდო, ხოლო გისოსზე ხელბორკილით მოქალაქე იყო მიჯაჭვული. აქციის მონაწილეებს, პროტესტის ნიშნად პირი თეთრი ტილოთი ჰქონდათ აკრული, რომელიც წითელი ფერის საღებავით იყო გადახაზული.
„შემაშფოთებელი იყო გასულ წელს ფოტორეპორტიორების დაკავების ფაქტი. ჩვენი აქციის სათაურიც ხაზგასმით სწორედ ამ პრობლემაზე მიუთითებს“ - განუცხადა „ნიუსპრესს“ ადამიანის უფლებათა სახლის წარმომადგენელმა ალეკო ცქიტიშვილმა და აღნიშნა, რომ ეს არის მედიის დღევანდელი მდგომარეობისადმი მათი პროტესტი.
აქციის დასასრულს მონაწილეებმა ხელისუფლებას ჟურნალისტების დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა - „საზოგადოებრივი დამცველი“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი, „არჩევნებისა და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრი, „ახალგაზრდები სამართლიანობისათვის“ და „ჯანმრთელი სამყარო“.
