„თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პრესის წარმომადგენლებსა და სარეკლამო კომპანიებს
შორის სწორი კომუნიკაცია არ არსებობს.
„ბეჭდური მედიისა და სარეკლამო კომპანიების ურთიერთობის“ შესახებ კვლევის შედეგები, დღეს „თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრე ჯიქიამ წარმოადგინა.
მისი თქმით, გამოცემები სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით პასიურობენ.
შედეგების თანახმად, დამკვეთებს მიაჩნიათ, რომ ძვირადღირებული რეკლამა უფრო ეფექტურია. რეკლამის დაკვეთისას ხშირად, დამკვეთი კონკრეტული პროდუქტის თავისებურებებს არ ითვალისწინებს, დამკვეთებისთვის მნიშვნელობა აქვს ბეჭდური გამოცემის ტირაჟსა და პოპულარობას. აღნიშნული მონაცემები მათ დაინეტრესების შემთხვევაშიც კი არ მიეწოდებათ, რადგან ტირაჟი ხშირად კონფიდერაციულ ინფორმაციადაა მიჩნეული.
შედეგების თანახმად, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რეკლამის სიძვირე დასახელდა. სარეკლამო კომპანიები მიიჩნევენ, რომ პრესაში რეკლამის ფასები გადასახედია.
ინტერნეტ ვერსიების არსებობის შემთხვევაში, მომხმარებელი გამოცემის ყიდვას პრესის ინტერნეტით გაცნობას ამჯობინებს.
კვლევით ასევე გამოიკვეთა, რომ დამკვეთი, გამოცემის ხარისხის მიმართ პრეტენზიულია. მოთხოვნა გაიზარდა „გლამურულ“ გამოცემებზე აქცენტი ბეჭდური გამოცემების დახვეწილ შინაარსზეც კეთდება.
ტელერეკლამის სიძვირის გამო, საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები აქცენტს პრესისა და ონლაინრეკლამაზე აკეთებენ.
ბეჭდური მედიის მხოლოდ მცირე ნაწილი უგზავნის სარეკლამო კომპანიებს შეთავაზებას - ზოგი მხოლოდ სიახლის ან ცვლილების შემთხვევაში, ზოგი კი, წელიწადში ერთხელ. კვლევის შედეგების თანახმად, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ფოსტის არარსებობა და გამოწერის სისტემის უმოქმედობაა.
„თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციამ“აღნისნული კვლევა 2012 წლის მარტში ჩაატარა.
