ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიაში დასასრულს უახლოვდება სპარსული კოლექციის დოკუმენტების რესტავრაცია, უკვე
აღდგენილ დოკუმენტებს შორისაა - შაჰ აბას I-ის 1627 წლის ფირმანი გივი გურამიშვილისადმი, შაჰ-სეფი I-ის 1641 წლის ბრძანებულება და შაჰ-სულთან ჰუსეინის, აბას მირზას, ფათალი შაჰის ფირმანები.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიაში ძველი საბუთების განყოფილების სპარსული კოლექციის 60-ზე მეტი დოკუმენტის რესტავრაცია მთავრდება.
როგორც „ნიუსპრესს“ ეროვნულ არქივიდან აცნობეს, არქივში დაცული სპარსული საბუთების კოლექცია XVI-XIX საუკუნეების 1237 დოკუმენტს მოიცავს. მათ შორისაა, შაჰის ფირმანები, ოქმები, ნასყიდობის წიგნები, წერილები, სავაჭრო გარიგებათა ხელწერილები, არზები შაჰის ან საქართველოს მეფის რეზოლუციებით.
სპარსული საბუთების მასალად აღმოსავლური წარმოშობის ქაღალდია გამოყენებული, აგრეთვე ნარინჯისფერი და ყვითელი ქაღალდი ოქროს ვარაყით. დოკუმენტების უმრავლესობა მოხატულია ლურჯი, წითელი და მწვანე ფერის ორნამენტებით.
რესტავრატორებმა დაზიანების ხარისხის შესწავლის შემდეგ, დეზინფექციის, მშრალი და სველი წესით გაწმენდა-დამუშავებით დოკუმენტების ნაკლული ადგილები აღადგინეს, გაამაგრეს მოხატულობა და ნაწერი.
აღსანიშნავია, რომ რესტავრაციის დროს ერთ-ერთი დოკუმენტის გარე მხარეზე მიმაგრებული სხვა სპარსულენოვანი საბუთი გამოჩნდა, რომელსაც სპეციალიტები დამატებით შეისწავლიან. ასევე, რამდენიმე საბუთის რესტავრაციის შედეგად, დიდი რაოდენობით მურის ბეჭდები გამოჩნდა, რომლებიც დოკუმენტში მოხსენიებულ პირებს ეკუთვნის.
