ია ანთაძე - პრესის თავისუფლების მხრივ, საქართველო ნახევრად თავისუფალი ქვეყანაა
ია ანთაძე - პრესის თავისუფლების მხრივ, საქართველო ნახევრად თავისუფალი ქვეყანაა
10:46 03.05.2012
ჟურნალისტი ია ანთაძე მიიჩნევს, რომ პრესის თავისუფლების მხრივ, საქართველო ნახევრად თავისუფალი ქვეყანაა.

როგორც მან „ნიუსპრესთან“ საუბრისას განაცხადა, ტელევიზიასთან შედარებით, პრესა ხელისუფლების წნეხის ქვეშ ნაკლებადაა.

„საქართველო არის ნახევრად თავისუფალი მედიის ქვეყანა. ის შეიძლება რამდენიმე პუნქტით დაწინაურდეს ან რამდენიმეთი ჩამოქვეითდეს, მაგრამ მისი ადგილი სამწუხაროდ არ იცვლება“ - განაცხადა ანთაძემ.

მისი თქმით, დღეს პრესაში შეზღუდულია სარეკლამო ბაზა და დისტრიბუციის სისტემაშიც ბევრი ხარვეზია.

„გაზეთები ძალიან ღარიბი ორგანიზაციებია. როცა ორგანიზაცია ფინანსურად ღარიბია, ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ძვირადღირებულ პროდუქტს ვერ დაბეჭდავს, შესაბამისად, მკითხველსაც ვერ მოიზიდავს“- განმარტა ჟურნალისტმა.

მისი თქმით, საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი ინფორმაციას ტელევიზიებიდან იღებს.

„მიმდინარე პროცესების შესახებ მოსახლოების ინფორმირების საკითხში უდიდესი წვლილი აქვს არა გაზეთებს, არამედ ტელევიზიებს. თუ ამ მხრივ შევაფასებთ მდგომარეობას, ვიცით, რომ არსებობს სამი ტელევიზია, რომლებსაც ზუსტად ერთიდაიგივე სიუჟეტის გაშვება, ერთიდაიგივე ტექსტებით შეუძლია“ - განაცხადა ია ანთაძემ.

ჟურნალისტის თქმით, აღნიშნული ტელევიზიები ერთი პოლიტიკური ცენტრიდან კონტროლდებიან, შესაბამისად, ისინი პროპაგანდისტულები არიან და საზოგადოებას ობიექტურ ინფორმაციას არ აწვდიან.





ბეჭდვა