ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობდან 6 წლისთავთან დაკავშირებით კორტებთან მიმდინარე აქციას, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, იურისტი ეკა ბესელია შეუერთდა.
როგორც მან „ნიუსპრესთან“ საუბარში განაცხადა, ვაზაგაშვილის საქმე ხელისუფლების მიმართ ყველაზე დიდი ბრალდებაა.
„ჩვენ, ადამიანის უფლება დამცველები მივიჩნევთ, რომ აუცილებელია ხელისუფლებას საზოგადოების მოთხოვნაზე რეაგირება ჰქონდეს. მან პასუხი უნდა აგოს დანაშაულებებზე. ახალგაზრდების მკვლელობა მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ პოლიციამ სპეცოპერაცია მიზანმიმართულად დაგეგმა“- განაცხადა ბესელიამ.
მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა საზოგადოების მორალური უფლებაა.
ბესელიას შეფასებით, საზოგადოების პროტესტს აზრი ყოველთვის აქვს, რადგან სწორედ ის აიძულებს ხელისუფლებას მსგავსი ფაქტების აღკვეთას.
კორტებთან სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახის წევრები, 6 წლის წინ, 2 მაისს ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ.
ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი 2006 წლის 2 მაისს თბილისში კორტების ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს. შსს-ს ინფორმაციით, ისინი ყაჩაღობისთვის მზადებაში იყვნენ ეჭვმიტანილები.
