სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულთა საქმის განხილვა სახალხო დამცველის კომპეტენციის ფარგლებს სცილდება.
ეს განცხადება სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ერემაშვილმა „დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაციის“ მიერ ომბუდსმენის სახელზე დღეს შეტანილი მიმართის საპასუხოდ გააკეთა.
მისი თქმით, „სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისად, ომბუდსმენი მოკლებულია დაზარალებულებისთვის რაიმე სახის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის საშუალებას.
„23 თებერვალს დაზარალებულმა მოქალაქეებმა სახალხო დამცველს წერილით მიმართეს, რაზეც მათ 27 თებერვალს, ასევე, წერილობით ეცნობათ თუ რა მიზეზებით ვერ შეძლებს სახალხო დამცველი მათი საკითხის შესწავლას“-განაცხადა ერემაშვილმა.
მისი თქმით, კომპანია „ცენტრ პოინტი“ საჯარო დაწესებულება არ არის და შესაბამისად, მსგავსი ტიპის დავის მოწესრიგება სახალხო დამცველის კომპეტენციაში არ შედის.
მისივე თქმით, კანონის თანახმად, ომბუდსმენი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტზე განცხადებას და საჩივარს მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, როცა განმცხადებელი საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებას აპროტესტებს.
„დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაციის“ ადვოკატის მარიკა კორძაძის თქმით, 23 თებერვალს შეტანილ განცხადებაზე პასუხი მას დღეს გადაეცა.
კორძაძის განცხადებით, ისინი დღეს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელს ირაკლი მჟავანაძეს შეხვდნენ, რომელიც 23 თებერვლის განცხადებასთან დაკავშირებით საქმის კურსში არ იყო.
„განცხადება განიხილა სახალხო დამცველის მოქალაქეთა მისაღებმა. ერთმა ადამიანმა ჩათვალა, რომ ეს სახალხო დამცველისთვის გადასაცემი დოკუმენტი არ იყო - 160 დაზარალებულის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი განსახილველად არ ჩათვალეს“-განაცხადა კორძაძემ და დასძინა, რომ მიღებულ წერილს, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, სტრასბურგის სასამართლოს წარუდგენს.
„ცენტრ პონტის“ მიერ დაზარალებულებმა დღეს სახალხო დაცველის ოფისთან აქცია გამართეს და გიორგი ტუღუშისგან რეაგირება მოითხოვეს.
