დაზარალებული მენაშენეები ომბუდსმენს რეაგირებას სთხოვენ
დაზარალებული მენაშენეები ომბუდსმენს რეაგირებას სთხოვენ
13:07 02.05.2012
დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაციამ სახალხო დამცველის ოფისთან საპროტესტო აქცია გამართა.
როგორც აქციის ორგანიზატორმა ადვოკატმა მარინა კორძაძემ განაცხადა, დაზარალებული მენაშენეები ომბუდსმენისგან მიმდინარე წლის თებერვალში შეტანილ განცხადებაზე რეაგირებასა და მათი უფლებების დაცვას მოითხოვენ.
აქციის წევრები მათი კუთვნილი ბინების დარეგისტრირებას ითხოვენ.
კორძაძის თქმით, სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულთა მდგომარეობა 5 წელია უცვლელია.
„საქართველოში ინსტანცია აღარ დარჩა, სადაც სარჩელი არ შევიტანეთ. ახლა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს მივმართავთ“- განაცხადა კორძაძემ.
„დაზარალებულ მენაშენეთა ასოციაციამ“ სახალხო დამცველის ოფისში აქციის მონაწილეთა განცხადება შეიტანა.
დაზარალებულები სახალხო დამცველისგან მოითხოვენ - მათ დასახმარებლად შესაბამისი ინსტანციებისთვის, მათ შორის, პრეზიდენტისთვის რეკომენდაციით მიმართვას და პარლამენტის წინაშე მოხსენების გაკეთებას.
„ეს ომბუდსმენის უფლებამოვალეობათა იმ ჩამონათვალის მხოლოდ ნაწილია, რომელსაც მას კანონი ავალებს და საშუალებას აძლევს ეფექტურად გაუწიოს წინააღმდეგობა ადამიანის უფლებათა ისეთ მასობრივ და უხეშ დარღვევებს, რასაც „ცენტრ პოინტ ჯგუფი“, სამშენებლო კომპანია „დექსუსი“ და სასამართლო ხელისუფლება ახორციელებენ დაზარალებულთა მიმართ“ - ნათქვამია განცხადებაში.

ბეჭდვა