ზურაბ ვაზაგაშვილის გარდაცვალების ექვსიწილსთავთან დაკავშირებით, მისივე სახელობის ცენტრ ,,ჯაზუსთან“, გარდაცვლილის ოჯახის წევრები, ნათესავები და საზოგადოებრივ მოძრაობათა წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
როგორც ,,ნიუსპრესს“ მოძრაობა ,,სამოქალაქო ფრონტის“ წევრმა ჯაბა ჯიშკარიანმა განუცხადა, ისინი ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს ავტომობილებით შემოივლიან და ვაზაგაშვილის მკვლელობას სიგნალებით გააპროტესტებენ. კორტეჟი პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ შენობებთანაც მივა, სადაც მონაწილეები მცირე მიტინგს გამართავენ და ზურაბ ვაზაგაშვილის ფოტოთი სპეციალურ ბანერსაც დატოვებენ.
მსვლელობის მონაწილეები 14.00 საათისთვის კორტების ყოფილ ტერიტორიაზე აქციას შეუერთდებიან. 6 წლის წინ, ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი სწორედ კორტებთან მოკლეს.
როგორც ,,ნიუსპრესს“ ზურაბ ვაზაგაშვილის მამამ იური ვაზაგაშვილმა განუცხადა, ხელისუფლებას მისი შვილის სიცოცხლის ხელყოფა არ შერჩება.
,,დღევანდელი აქციით ხელისუფლებას ვეტყვით, რომ არ შეიძლება საკუთარ ხალხს ასე ექცეოდეს. არ შეიძლება შავებში ჩაცმული მშობელი ექვსი წლის განმავლობაში ხელისუფლებას ეკითხებოდეს - რატომ მოუკლეს შვილი და პასუხს ვერ იღებდეს“ - განაცხადა იური ვაზაგაშვილმა.
ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი 2006 წლის 2 მაისს თბილისში კორტების ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს. შსს-ს ინფორმაციით, ისინი ყაჩაღობის მზადებაში იყვნენ ეჭვმიტანილები.
