მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა მორიგი ჯგუფი ამერიკიდან საქართველოში ხვალ ჩამოვა.
როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან აცნობეს, ჯგუფი ინგლისური ენის 34 მასწავლებლით და არასამთავრობო და სოციალური განვითარების სექტორის 9 კონსულტანტით დაკომპლექტდა.
მოხალისეები ორი წლის განმავლობაში აჭარის, გურიის, სამეგრელოს, რაჭის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის საშუალო სკოლებში, ასევე, სოციალური განვითარების მხარდამჭერ ორგანიზაციებში იმუშავებენ. მოხალისეები ქართულ ოჯახებში იცხოვრებენ და ქართველ პარტნიორ მასწავლებლებთან ითანამშრომლებენ.
მათივე ინფორმაციით, მუშაობის დაწყებამდე ჯგუფის წევრები ქართულ ენასა და კულტურაში, აგრეთვე ტექნიკური ჯანდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში თერთმეტკვირიან მოსამზადებელ ეტაპს გაივლიან.
მშვიდობის კორპუსი საქართველოში 2001 წლიდან მთავრობის მოწვევით მუშაობს. ის ქვეყანაში სოციალურ–ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობასა და საქართველო–ამერიკის ურთიერთობების გაღრმავებას ემსახურება.
მშვიდობის კორპუსი 1961 წელს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ დაარსა. მისი მოხალისეები დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მუშაობენ.
