ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, კოალიცია „ქართული ოცნება“ არსებული „შრომის კოდექსის“ შეცვლის პირობას დებს. ამის შესახებ განცხადება კოალიციამ დღეს გაავრცელა.
„ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ მოქმედი „შრომის კოდექსი“ დისკრიმინაციულია და ის უნდა შეიცვალოს.
„ჩვენ შევცვლით არსებულ „შრომის კოდექსს“ და ბოლოს მოვუღებთ ადამიანთა დისკრიმინაციას, ექსპლუატაციასა და უუფლებობას. არც სახელმწიფოს და არც დამქირავებელს არ ექნებათ უფლება, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, ადამიანები სამსახურიდან გაათავისუფლონ. მკაფიოდ განისაზღვრება სამუშაო საათების დაშვებული ზღვარი. დეკრეტული შვებულება კი გარანტირებული და ანაზღაურებადი იქნება“-ნათქვამია განცხადებაში.
კოალიციაში აცხადებენ, მათ მიერ შექმნილი „შრომის კოდექსი“ ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვა.
„ქართულმა ოცნებამ“ 1 მაისი, მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე, საქართველოს ყველა მოქალაქეს მიულოცა.
