დასაქმებულთა საერთოშორისო დღეთან დაკავშირებით, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება დღეს საპროტესტო აქციას გამართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ პროფკავშირებიდან აცნობეს, საპროტესტო მსვლელობა 16.00 საათზე ვარდების მოედნიდან პარლამენტის შენობისკენ გაიმართება. 17.00 საათზე კი, მიტინგი საკანონმდებლო ორგანოსთან შედგება.
პროფკავშირები აქციაზე სამუშაოდან უსამართლოდ გათავისუფლებებს, მზარდ უმუშევრობას, დამსაქმებელთა თვითნებობას, გაზრდილ კომუნალურ და საბიუჯეტო გადასახადებს, კატასტროფულად და ხელოვნურად მზარდ ფასებს და სხვა მსგავს საკითხებს გააპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მიმართ სპეციალურ მიმართვას შეიმუშავებენ, სადაც ქვეყანაში არსებულ სოციალურ მდგომარეობას გაესმევა ხაზი. ისინი აქციაზე ხელისუფლებას მოუწოდებენ ვითარების დროულად გამოსწორების საკითხს სერიოზულად მოეკიდნონ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტის წევრებს პროფკავშირების მიერ 2007-2012 წლებში შემუშავებულ და დღემდე ამომრჩეველთა ნების საწინააღმდეგოდ იგნორირებულ სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივას წარუდგენენ.
