სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები 2 მაისს კორტებთან დაგეგმილ აქციამდე ქალაქში მსვლელობას მოაწყობენ.
როგორც „ნიუსპრესს“ არასამთავრობო კოალიცია „სამოქალაქო ერთობის“ ახალგაზრდობის ხელმძღვანელმა მიხეილ მუმლაძემ განუცხადა, 2 მაისს კორტებთან აქცია 14:00 საათზე დაიწყება, მსვლელობა კი, 12:00 საათზე მოეწყობა.
მისი თქმით, ისინი მსვლელობის დროს ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს გაივლიან, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გააპროტესტებენ და შემდეგ კორტებთან მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.
„სამოქალაქო საზოგადოების სახელით კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ, რომ ეს ისეთი სისხლიანი სპეცოპერაცია იყო, რომელსაც ხანდაზმულობა არ აქვს. რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, რა ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს ამ ფაქტების გამოძიებას და ყველა იმ პირის დასჯას მოვითხოვთ, ვინც ამ სისხლიან სპეცოპერაციაში მონაწილეობდა“ - განაცხადა მიხეილ მუმლაძემ.
ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი 2006 წლის 2 მაისს თბილისში, ე.წ კორტების ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს. შსს-ს ინფორმაციით, ისინი ყაჩაღობის მზადებაში იყვნენ ეჭვმიტანილები.
