ტელეკომპანია „მე-9 არხი“ დღეიდან საცდელ მაუწყებლობას იწყებს. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ არხის გენერალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა განუცხადა.
არხი ეთერში 21:00 საათზე მთავარი საინფორმაციო გამოშვებით გავა. მას ჟურნალისტი ნათია ლაზაშვილი გაუძღვება. 22:00 საათზე კი, ჟურნალისტ გოგი ახალკაცის თოქ-შოუ დაიწყება.
ხვალიდან კი, მაუწყებლობას ყოველდღიური საინფორმაციო გამოშვებები 15:00 და 18:00 საათზე დაემატება. მას ჟურნალისტი სოფო ჩაკვეტაძე წაიყვანს. საღამოს ეთერი კი, უცვლელი რჩება. არხის დანარჩენი სამაუწყებლო ბადე მხატვრული და დოკუმენტური ფილმებით შეივსება.
„რაც შეეხება დაფარვას, სამაუწყებლო პაკეტში ჩართვაზე საკაბელოებიდან ჯერჯერობით მხოლოდ „გლობალ ტივი“ დაგვთანხმდა. დანარჩენებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. სატელიტური თეფშების მეშვეობით კი, მოსახლეობას არხის ყურება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შეეძლება“ - აღნიშნა მან.
ბექაურის განმარტებით, საცდელი მაუწყებლობა ზაფხულამდე გაგრძელდება, სანამ „მე-9 არხი“ სრულყოფილი ფორმატით არ გავა ეთერში.
