„მე-9 არხი“ ხვალიდან საცდელ მაუწყებლობას იწყებს
„მე-9 არხი“ ხვალიდან საცდელ მაუწყებლობას იწყებს
16:01 29.04.2012
ტელეკომპანია „მე-9 არხი“ ხვალიდან საცდელ მაუწყებლობას იწყებს. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ არხის გენერალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა განუცხადა.

არხი ეთერში 21:00 საათზე მთავარი საინფორმაციო გამოშვებით გავა. მას ჟურნალისტი ნათია ლაზაშვილი გაუძღვება. 22:00 საათზე კი, ჟურნალისტ გოგი ახალკაცის თოქ-შოუ დაიწყება.

რაც შეეხება მეორე დღეს, მაუწყებლობას ყოველდღიური საინფორმაციო გამოშვებები 15:00 და 18:00 საათზე დაემატება. მას ჟურნალისტი სოფო ჩაკვეტაძე წაიყვანს. საღამოს ეთერი კი, უცვლელი რჩება. არხის დანარჩენი სამაუწყებლო ბადე მხატვრული და დოკუმენტური ფილმებით შიევსება.

„რაც შეეხება დაფარვას, სამაუწყებლო პაკეტში ჩართვაზე საკაბელოებიდან ჯერჯერობით მხოლოდ „გლობალ ტივი“ დაგვთანხმდა. დანარჩენებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. სატელიტური თეფშების მეშვეობით კი, მოსახლეობას არხის ყურება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შეეძლება“ - აღნიშნა მან.

ბექაურის განმარტებით, საცდელი მაუწყებლობა ზაფხულამდე გაგრძელდება, სანამ „მე-9 არხი“ სრულყოფილი ფორმატით არ გავა ეთერში.

ტელეკომპანია „მე-9 არხი“ ამჯერად შიდა მაუწყებლობის რეჟიმზეა. მისი ეთერში გასვლა რამდენიმე თვეა იგეგმება, თუმცა, სხვადასხვა პრობლემების გამო აქამდე ვერ მოხერხდა.

ბეჭდვა