პატრიარქი - ბედნიერია ის ოჯახი, სადაც დედა სარწმუნოებითა და სახარებით ზრდის თავის შვილებს
პატრიარქი - ბედნიერია ის ოჯახი, სადაც დედა სარწმუნოებითა და სახარებით ზრდის თავის შვილებს
13:30 29.04.2012
მომავალი დედა - ეს არის დიდი პასუხისმგებლობა ღვთისა და ერის წინაშე. ამის შესახებ დღეს სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქადაგებისას განაცხადა.

მან ოჯახში დედისა და ქალის როლზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მშობლები ბავშვობიდან განასაკუთრებულად უნდა ზრდიდნენ თავის შვილს, განსაკუთრებით მომავალ დედას.

„დღეს არის მენელსაცხებლე დედათა დღე, იმ დედათა, რომელნიც მუდამ იყვნენ მაცხოვართან, იმ დროსაც კი, როდესაც ხდებოდა ჯვარცმა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. მათ არაფრის ეშინოდათ და სულითა და ხორცით უფალთან იყვნენ“ - აღნიშნა პატრიარქმა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, ბევრია შემთხვევა, როდესაც ოჯახი ინგრევა და დედას არ აქვს ის თვისებები, რომელიც უნდა ჰქონდეს.

პატრიარქის თქმით, ერთ-ერთ ლექსში ნათქვამია, რომ დედა საქართველოს გმირებს უზრდიდა, ახლა კი, ის ვეღარ ასრულებს თავის მოვალეობას.

მან ასევე აღნიშნა, რომ დედას ოჯაში დიდი პასუხისმგებლობა აკისრია.

„ახლა მიღებულია ასეთი ტერმინი - რომ თანასწორია ცოლი და ქმარი. საღმრთო წერილი ამბობს, რომ ოჯახის მეთაური არის ქმარი და არ შეიძლება, რომ ცოლი ასრულებდეს მის როლს. ეს შეუძლებელია და ბედნიერია ის ოჯახი, სადაც დედა სწირავს თავს თავის ოჯახს, ზრდის თავის შვილებს სარწმუნოებითა და სახარებით“ - აღნიშნა პატრიარქმა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ადრე იყვნენ ოჯახები, სადაც მშობლები ასწავლიდნენ შვილებს გონიერ ქმედებებს - აგზავნიდნენ ქუჩებში, რომ ქუჩიდან მოეყვანათ გაჭირვებული ადამიანები. მათ დააპურებდნენ და ამის შემდეგ უშვებდნენ. პატრიარქმა აღნიშნა, რომ სწორედ ეს არის ნამდვილი ქრისტიანობა და ამაშია სახარების მთელი შინაარსი.

„დღეს ჩვენ ვასწავლით ჩვენს შვილებს, როგორ მოიხვეჭონ ფული, ვასწავლით ყველაფერს - უცხო ენებს და სხვადასხვა საქმიანობას, ვასწავლით ძირითადად, იმას როგორ უნდა იყოს ბედნიერი მატერიალური კუთხით და არ ვასწავლით მთავარს, რომ ადამიანის ბედნიერება არის უპირველეს ყოვლისა, ერთმანეთის სიყვარული და ერთანეთის პატივისცემა“ - აღნიშნა პატრიარქმა.

მან მრევლს დღევანდელი დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ დედები კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდნენე თავის მოვალეობაზე.

დღესვე, პატრიარქმა ოთხი სასულიერო პირი არქიმანდრიტის ხარისხით დააჯილდოვა და რამდენიმე გვარი დალოცა.


ბეჭდვა