გორის ადგილობრივი ტელევიზია „თრიალეთი-TV” საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ადგილობრივი კონკურენტი ტელევიზია „დია“-სადმი ლოიალურ
გამოკიდებულებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ „თრიალეთის“ დირექტორმა ჯონი ნანეტაშვილმა ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განუცხადა.
ნანეტეშვილის თქმით, შიდა ქართლის მეორე ადგილობრივი ტელევიზია „დია“ გურამ გოგოლაძემ შეიძინა, რომელიც, ადგილობრივების განცხადებით, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის ლადო ვარძელაშვილის მეგობარია.
მისივე განმარტებით, ამის შემდეგ „დიამ“ კონტროლი დაამყარა ადგილობრივ საკაბელო მაუწყებელ „კოსმოსზე“, რომლის მეშვეობითაც მას 460 ოჯახზე აქვს წვდომა. ამით კი, მისი ცნობადობა საგრძნობლად გაზარდა.
ტელეკომპანია „თრიალეთმა“ „დია“ სიხშირის არალეგალურ გამოყენებაში დაადანაშაულა, თუმცა, „თრიალეთი“ დააჯარიმეს.
„მას შემდეგ, რაც „თრიალეთმა“ მარეგულირებელ კომისიას მიმართა გაერკვია, თუ რა სიხშირით მაუწყებლობს გორში „დია“, მარეგულირებელმა „თრიალეთი“ 5 000 ლარით დააჯარიმა სიხშირით უკანონოდ სარგებლობისათვის“- განაცხადა ნანეტაშვილმა.
„თრიალეთის“ ხელმძღვანელობამ აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა, თბილისის ადმინისტრაციულმა სასამართლომ სარჩელი პროცედურული ხარვეზის გამო წარმოებაში არ მიიღო.
„თრიალეთი“ მხოლოდ და მხოლოდ მარეგულირებლის მიერ წლების წინ გადაცემული სიხშირით სარგებლობს“- განაცხადა ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა.
ნანეტაშვილის თქმით, „დია“ სამთავრობო მხარდაჭერით სარგებლობს და იგი „თრიალეთის“ გასანადგურებლად შეიქმნა.
„ვეწინააღმდეგებით მარეგულირებელი კომისიის მხრიდან ჩვენს მიმართ არასამართლიან და დისკრიმინაციულ მოპყრობას. ის განვითარების შესაძლებლობას უქმნის ერთ კომპანიას, მეორეს კი, სრულ იგნორირებას უკეთებს“ - აღნიშნა ნანეტაშვილმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან“ საუბარში.
„თრიალეთის“ ხელმძღვანელის განმარტებით, ტელეკომპანია 2009 წლიდან ითხოვს ლიცენზიას ადგილობრივ სიხშირეზე, თუმცა, მათ მარეგულირებელი კომისიისგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. ამასობაში კი, კომისიამ გორში ქვესიხშირის გაცემაზე აუქციონი გამოაცხადა. ნანეტაშვილს მიაჩნია, რომ ეს სწორედ „დიასთვის“ გაკეთდა.
„აღნიშნული სიხშირე საშუალებას მისცემს „დიას“ საკუთარი სიგნალი გორის სატელევიზიო ანძიდან მიაწოდოს ადგილობრივ საკაბელო ქსელს, რომელიც აუქციონის გამოცხადებისთვის მის მფლობელობაში არ იყო“-განაცხადა მან.
გადაწყვეტილებას სიხშირის გაცემის თაობაზე კომუნიკაციების ეროვნული კომისია 1 მაისს 13:00 საათზე მიიღებს.
