ნორჩ გამომგონებელთა კონკურსში კომისიის მიერ შერჩეული მონაწილეების ნამუშევრების გამოფენა დღეს საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართა.
გამოფენაზე 150-მდე მეცნიერისა და გამომგონებლის ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.
კონკურსი თბილისის მერიამ მეცნიერების, ახალგაზრდა გამომგონებლების, ნიჭიერი და კრეატიული ადამიანების ხელშესაწყობად გამოაცხადა.
პროექტის მიზანი ახალი, საინტერესო გამოგონებების და იდეების გამოვლენა, მათი პოპულარიზაცია და ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვა იყო.
ღონისძიებაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. თბილისის მერიის, „საქპატენტის“ წარმომადგენლებისა და სხვადასხვა სფეროს ექსპერტებით დაკომპლექტებულმა სპეციალურმა კომისიამ სულ 500-მდე მონაწილის 900-ზე მეტი პროექტი განიხილა.
პროექტის პარტნიორები „საქპატენტი“ და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი არიან.
