თბილისის მერიაში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ გალაკტიონის ხიდზე მოძრაობის ჩაკეტვის გამო, მუნიციპალური ტრანსპორტის რამდენი მარშრუტი შეიცვლება.
როგორც „ნიუსპრესს“ მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, მარშრუტების შესახებ ინფორმაციის მიღება მოქალაქეს ნებისმიერ დროს, ცხელ ხაზზე - 2 72 22 22 დარეკვით შეეძლება.
მათი თქმით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უქმე დღეების გასვლის შემდეგ მერიის ვებ-გვერდზე განთავსდება.
მიმდინარე სამუშაოების გამო, გალაკტიონის ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან, დახლოებით ერთი თვის განმავლობაში ჩაიკეტება.
მერიის ინფორმაციით, მძღოლებს ალტერნატიული გზით გადაადგილება შეეძლებათ.
მერიის ოფიციალური ინფორმაციით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობის განტვირთვის მიზნით, 100 მეტრი სიგრძის ბეტონის გვირაბის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით, მარჯვენა სანაპიროს მთელ სიგრძეზე ხუთ ადგილას პანდუსები, ხიდები, გვირაბები და ესტაკადები აშენდება.
პროექტი აგვისტოს ბოლოს დასრულდება და ორთაჭალიდან ლაგუნა ვერესკენ მოძრავი სატრანსპორტო ნაკადი გალაკტიონის ხიდის ქვეშ სანაპიროზე ცალმხრივად შეუჩერებლად იმოძრავებს.
გვირაბის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, სანაპიროს აღნიშნულ მონაკვეთზე გაუქმდება შუქნიშანი, რაც ავტომობილების უწყვეტ რეჟიმში გადაადგილებას უზრუნველყოფს.
