მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ წმინდა მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს აღნიშნავს.
როგორც „ნიუსპრესს“ საპატრიარქოში განუცხადეს, დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მართლმადიდებელ ტაძარში საზეიმო ლიტურგია ჩატარდება.
სამების საკათედრო ტაძარში წირვას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 09:00 საათზე აღავლენს.
წმინდა მენელსაცხებლე დედათა ხსენებასთან ერთად, ხვალ მცხეთის ჯვრის აღმართების დღეც აღინიშნება.
მენელსაცხებლე დედათა ხსენება უფლის ბრწყინვალე აღდგომის მე-2 კვირასაა. მენელსაცხებლე დედებს - მარიამ მაგდალინელს, ლაზარეს დებს - მართასა და მარიამს, სალომეს, იოანას, სუსანასა და სხვებს ეკლესია პატივს ვნების დღეებში უფლის მიმართ გამოჩენილი ერთგულებისა და სიყვარულისთვის მიაგებს. უფლის ერთგული დედები უფლის ჯვარცმისას ყოვლადწმიდა ღვთისმშობელთან ერთად იდგნენ.
დედებს სურდათ, უფლისთვის უკანასკნელი პატივი მიეგოთ და ებრაული ჩვეულებისამებრ მისი ცხედრისთვის ნელსაცხებელი ეცხოთ.
ამ მიზნით, შვიდეულის პირველ დღეს, გარიჟრაჟზე, დედები იოსებ არიმათიელის ბაღში წავიდნენ, სადაც იესოს ცხედარი ესვენა. ღვთისმოსავ დედებს მარიამ მაგდალინელი მიუძღვოდა წინ. ქალები წუხდნენ, რომ სამარხის კარს მიფარებულ ლოდს ვერ მოერეოდნენ. არ იცოდნენ, რომ ლოდი უკვე გადაგორებული იყო, საფლავი კი - ცარიელი. სასწაული უკვე აღსრულებულიყო.
მარიამ მაგდალინელი სირბილით გაბრუნდა იერუსალიმში და ქრისტეს მოწაფეებს ეს ამბავი შეატყობინა. ის სამარხთან მოციქულ პეტრესა და იოანესთან ერთად დაბრუნდა. მათი წასვლის შემდეგ კი მარტო შევიდა შიგნით, სადაც ორი ანგელოზი იხილა.
მარიამს სამარხში მკვდრეთით აღდგომილი იესო გამოეცხადა. მარიამისგანვე შეიტყვეს მოციქულებმა მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის ამბავი.
იმ დღის შემდეგ ყოველი წლის გაზაფხულზე მილიონობით ადამიანი იმეორებს სიტყვებს, რომლებიც პირველად სწორედ წმიდა მოციქულთა სწორმა მარიამ მაგდალინელმა წარმოთქვა: „ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად აღსდგა!“
