არასამთავრობო ორგანიზაცია „გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფმა“ კამპანია სახელწოდებით - „გადავარჩინოთ მუცო“ დაიწყო.
როგორც „გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის“ ხელმძღვანელმა ლაშა ჩხარტიშვილმა დღეს მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ გამართულ აქცია-ბრიფინგზე განაცხადა, ისტორიული ციხის გადასარჩენად უკვე 1 020 ხელმოწერაა შეგროვებული.
მისი თქმით, შეთეკაურების კოშკი ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოინგრეს, რადგან ციხე-ქალაქში გამაგრებითი სამუშაოები ამ დრომდე არ განხორციელებულა.
„ამით ძალიან ბევრ რამეს დავკარგავთ არა მარტო ჩვენ და ქართული კულტურა, არამედ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობაც. ამის დაშვება სრულიად მიუღებელია. ვაპირებთ ბოლომდე ვიბრძოლოთ, რათა საქართველოს ხელისუფლებამ ამ ძეგლს ყურადღება მიაქციოს“ - განაცხადა ჩხარტიშვილმა.
მისივე თქმით, მუცოს აღდგენის პროექტისთვის საერთო ჯამში 17 მლნ ლარია საჭირო.
ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, მუცოს გადარჩენის მოთხოვნით ისინი კულტურის სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს მიმართავენ.
