დღეს სკოლა “ოლიმპი”-ში ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის სესია გაიხსნა.
სესიის თემას წარმოადგენს „ახალგაზრდობა-სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი". ევროპარლამენტის სიმულაციაში 11 საჯარო სკოლის X-XII კლასის 80-მდე მოსწავლე მონაწილეობს.
ღონისძიების ფარგლებში სკოლის მოსწავლეები კომიტეტებში ნაწილდებიან და სხვადასხვა აქტუალური პრობლემის განხილვის შემდგომ ინგლისურ ენაზე რეზოლუციებს შეიმუშავებენ.
საკომიტეტო მუშაობისას განსახილველი საკითხები შეეხება როგორც ევროკავშირის მასშტაბით არსებულ პრობლემებს, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს.
ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი, როგორც სასკოლო პროექტი 1987 წელს საფრანგეთში ჩამოყალიბდა. საქართველომ ორგანიზაციის ოფიციალური წევრის სტატუსი 2008 წელს მოიპოვა.
