საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის საქართველოს გუნდების დაკომპლექტება დაიწყო
საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის საქართველოს გუნდების დაკომპლექტება დაიწყო
12:43 28.04.2012
2012 წლის საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის საქართველოს ნაკრები გუნდების დაკომპლექტება დაიწყო.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის საფუძველზე შერჩეულმა VIII-XII კლასის 75-მა მოსწავლემ დღეს შესარჩევი ეტაპი თბილისის №51-ე საჯარო სკოლაში გაიარა.

ფიზიკის, მათემატიკისა და ბიოლოგიის წერითი ტურების მიმდინარეობას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქუდაძე და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური გაეცნენ.

2012 წელს საქართველო ოთხ საერთაშორისო ოლიმპიადაში მიიღებს მონაწილეობას. სინგაპურში, არგენტინაში, იტალიასა და ესტონეთში საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები ივლისსა და სექტემბერში გაემგზავრებიან.

ფიზიკის, მათემატიკის, ბიოლოგიისა და ინფორმატიკის ნაკრები გუნდები საუკეთესო შედეგების 19 მოსწავლისგან დაკომპლექტდება. ნაკრები გუნდების წევრები ერთთვიან სპეციალურ მომზადებას გაივლიან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით, საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის ნაკრები გუნდების მომზადება მე-4 წელია მიმდინარეობს.

ბეჭდვა