გოგა ხაჩიძე ეროვნული პარკების დაფინანსებისა და მართვის შესახებ შეხვედრას გამართავს
გოგა ხაჩიძე ეროვნული პარკების დაფინანსებისა და მართვის შესახებ შეხვედრას გამართავს
09:49 27.04.2012
გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე, გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე ინიტა პაულოვიჩა და დაცული ტერიტორიების  სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი შონვაძე დღეს საქართველოს ეროვნული პარკების დაფინანსების, მართვისა და მდგრადი განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელებენ. შეხვედრა სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში გაიმართება.
როგორც "ნიუსპრესს" გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მსჯელობის ერთ-ერთი საგანი თუშეთში განხორციელებული პროექტი იქნება, რომლის ბიუჯეტი 900 ათას აშშ დოლარს აღწევს. პროექტი გარემოს დაცვის გლობალური ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.
გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო და გაერო-ს განვითარების პროგრამა ერთობლივი პროექტის შედეგებს წარადგენენ. პროექტის მიზანი თუშეთის დაცული ტერიტორიების მართვისა და დაფინანსების ინოვაციური მეთოდების ტესტირება იყო.
შეხვედრის პარალელურად, სასტუმროში ეროვნული პარკის ამსახველი ფოტო-გამოფენა მოეწყობა და თუშეთის დაცული ტერიტორიების შესახებ დოკუმენტური ფილმის - "თუშეთს გავედრებ ტურფასა" პრეზენტაცია შედგება.

ბეჭდვა