გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე ინიტა პაულოვიჩა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი შონვაძე
ხვალ საქართველოს ეროვნული პარკების დაფინანსების, მართვისა და მდგრადი განვითარების პერსპექტივების შესახებ იმსჯელებენ.
როგორც „ნიუსპრესს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მსჯელობის ერთ-ერთი საგანი თუშეთში განხორციელებული პროექტი იქნება, რომლის ბიუჯეტი 900 ათას აშშ დოლარს აღწევს. იგი გარემოს დაცვის გლობალური ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.
გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო და გაეროს განვითარების პროგრამა ერთობლივი პროექტის შედეგებს წარადგენენ, რომელიც მიზნად ისახავდა თუშეთის დაცული ტერიტორიების მართვისა და დაფინანსების ინოვაციური მეთოდების ტესტირებას.
პარალელურად, ეროვნული პარკის ამსახველი ფოტო-გამოფენა მოეწყობა და თუშეთის დაცული ტერიტორიების შესახებ დოკუმენტური ფილმის - „თუშეთს გავედრებ ტურფასა” პრეზენტაცია გაიმართება.
