კოლხური ბზის სახეობა, წინასწარი გამოკვლევების მიხედვით, გადაშენების პირას დგას. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტს წერილობით მიმართა და საქართველოში
გავრცელებულ ბზის დაავადებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობა აცნობა.
წინასწარი გამოკვლევებით, რომელიც 2011 წელს აგრარული უნივერსიტეტის თანამშრომლების მიერ ჩატარდა, დადგინდა, რომ საქართველოში გავრცელებულია და თანდათან ფართო ხასიათს იღებს აქამდე უცნობი დაავადება – ბზის ფოთლების აწვა, ანუ დამწვრობა.
„ამჯამად, ბუნებრივი ბზების, როგორც ხეების, ისე ბუჩქების ინტენსიური ხმობა აღინიშნება წალენჯიხის და მარტვილის რაიონებში, კოლხეთის ეროვნულ პარკში, კინტრიშის დაცულ ლანდშაფტში და მტირალას ეროვნულ პარკში. ჯერჯერობით, სუსტი ინტენსივობით აღინიშნება ხმობა ჭოროხისა და მაჭახელას ხეობებში“ – აღნიშნავს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.
მათივე ინფორმაციით, რადგან ბზის ხმობა გლობალურ ხასიათისაა, საჭიროა, იმ უცხოელ მკვლევარებთან კონტაქტების დამყარება, რომელ ქვეყნებშიც ეს დაავადებაა გავრცელებული. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს საგარეო და საშინაო საკარანტონო ღონისძიებების გატარებას დაავადების გავრცელების შეზღუდვის მიზნით.
