თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან სტუდენტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
სტუდენტები სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, სტატუსშეჩერებული
სტუდენტებისთვის სტატუსის აღდგენას და სწავლის საფასურის შემცირებას მოითხოვენ.
როგორც „ნიუსპრესს“ საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა, სახელმწიფომ კონსტიტუციის 35-ე მუხლი უნდა გაითვალისწინოს, სადაც განათლების მიღების უფლებაა ჩადებული. მისი თქმით, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს უმაღლეს კანონს და არა იმ ნორმატიულ კანონებს, რომლებსაც პარლამენტი ან აღმასრულებელი ხელისუფლება იღებენ.
კობაიძის განცხადებით, განათლების მინისტრთან შეხვედრის შედეგად სტუდენტებმა კონკრეტულ შედეგს ვერ მიაღწიეს.
„ვაპირებთ აქციების გაგრძელებას მანამ, სანამ მიზანს არ მივაღწევთ და სტუდენტებს სტატუსი არ აღუდგებათ“-განაცხადა კობაიძემ.
სტუდენტების პრობლემების მოგვარების მიზნით, საინიციატივო ჯგუფი ორი თვის წინ შეიქმნა. ჯგუფის წევრთა განცხადებით, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტატუსი 10 000 სტუდენტს აქვს შეჩერებული.
