საქართველოში მედიის მონიტორინგის ახალი რაუნდი იწყება
საქართველოში მედიის მონიტორინგის ახალი რაუნდი იწყება
12:59 25.04.2012
საქართველოში მედიის მონიტორინგის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, 2012-2013 წლების მედიამონიტორინგის ახალი რაუნდი  იწყება. ამის შესახებ დღეს, "თბილისი მერიოტში" გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა.
პროექტს ევროკავშირის დაფინანსებით, გაერო-ს განვითარების პროგრამა ახორციელებს. პროექტის ბიუჯეტი 450 ათასი ევროა.
მონიტორინგის პერიოდში ძირითადი ყურადღება მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქებას დაეთმობა.
მონიტორინგის შედეგების განხილვა ყოველ ორშაბათს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პროგრამა "მედიამონიტორში" მოხდება.
როგორც საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ჯეიმი მაკგოლდრიკმა განაცხადა, მონიტორინგის ფარგლებში დაკვირვება მედიის ყველა მიმართულებაზე - ტელევიზიაზე, ინტერნეტზე, გაზეთებსა და წელს პირველად, რადიოზეც განხორციელდება. დააკვირდებიან როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ მედიას.
მაკგოლდრიკის თქმით, ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს მედიის პროფესიონალიზმის ამაღლებას და საზოგადოების ინტერესების დაკმაყოფილებას.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის ფილიპ დიმიტროვის განცხადებით, მედიის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის სამართლიანად და ობიექტურად ჩასატარებლად.

ბეჭდვა