სტუდენტები თსუ-თან საპროტესტო აქციას გამართავენ
სტუდენტები თსუ-თან საპროტესტო აქციას გამართავენ
09:51 25.04.2012
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან სტუდენტები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ. ამის შესახებ "ნიუსპრესს" სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის და "დემოკრატიული  მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ახალგაზრდული ფრთის წევრმა გიორგი გვიმრაძემ განუცხადა.
მისი თქმით, სტუდენტების მთავარ მოთხოვნად ისევ სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სტატუსის აღდგენა რჩება. ასევე, ისინი სწავლის საფასურის შემცირებასაც მოითხოვენ.
გიორგი გვიმრაძის განმარტებით, ორი დღის წინ სტუდენტების შეხვედრა განათლების და მეცნიერების მინისტრთან დიმიტრი შაშკინთან უშედეგოდ დასრულდა.
მისი თქმით, მინისტრმა განაცხადა, რომ სტუდენტურ პრობლემებზე პასუხისმგებლობას იხსნის.
„ხვალინდელ აქციაზე სტუდენტები მოვითხოვთ, გაგვაგებინონ თუ ვინ არის სტუდენტების საკითხზე პასუხისმგებელი პირი“- აღნიშნა გვიმრაძემ.
მისივე განმარტებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სტუდენტები აღარ შიმშილობენ. მათ სამართალდამცავებმა ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს და ისინიც დაემორჩილნენ.
სტუდენტების პრობლემების გადაჭრის მიზნით საინიციატივო ჯგუფი ორი თვის წინ შეიქმნა. როგორც საინიციატივო ჯგუფში აცხადებენ, ამჟამად სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტატუსი 10 000 სტუდენტს აქვს შეჩერებული.


ბეჭდვა