„პიარ კლუბში“ შეკრებილი პიარ სპეცილისტები დღეს ერთმანეთს პროფესიულ გამოცდილებას
ორიგინალური და ახალი მეთოდის - „ღია სივრცის ტექნოლოგიების“ გამოყენებით (Open Space Technologies) გაუზიარებენ.
მეთოდიკის თანახმად, პიარ პრაქტიკოსები შეეცდებიან პრობლემატური საკითხებზე კი არ ისაუბრონ, არამედ თავიანთი აზრი წერილობით ჩამოაყალიბონ და ერთმანეთს ამ სახით გაუზიარონ.
„პიარ კლუბის“ საბჭოს წევრის თორნიკე გურულის განმარტებით, ამ მეთოდით პროფესიონალებს შორის გამოცდილების გაზიარება და პრობლემური საკითხების განხილვა საქართველოში პირველად მოხდება.
აღნიშნულ მეთოდიკას მსოფლიოს სხვა ქვეყნებში კომპანიები და პროფესიული გაერთიანებები უკვე წარმატებით იყენებენ.
„პიარ კლუბი“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში დასაქმებულთა ნებაყოფლობითი გაერთიანებაა. მისი მიზანი პროფესიული ინტერესების დაცვა, სფეროს გაუმჯობესებაზე ზრუნვა, ქცევისა და ეთიკის კოდექსის შექმნა და პიარ პროფესიონალებს შორის სწორი კომუნიკაციის ჩამოყალიბებაა.
