თბილისის ნაწილს ამ დროისთვის წყალი არ მიეწოდება.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, თბილისში წყალმომარაგების შეფერხების მიზეზი საქართველოს ენერგოსისტემაში, კერძოდ კი, ქვესადგურ „ზესტაფონ 500“-ზე, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები გახდა.
ელექტროენერგიის გათიშვის გამო, 2 საათის განმავლობაში, ფუნქციონირება შეწყვიტა არაგვის ხეობასა და თბილისში განთავსებულმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ყველა სათავო ნაგებობამ და სატუმბო სადგურებმა, მათ შორის, ღრმაღელისა და სამგორის საფილტრე სადგურებმა.
მიუხედავად იმისა, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” სათავო ნაგებობებს ელექტროენერგიის მიწოდება 17:45 საათისთვის აღუდგა, წყალმომარაგება დედაქალაქში აქამდე შეფერხებულია.
კომპანიის ინფორმაციით, ტექნიკური პროცესების გამო, წყალსადენის ქსელებისა და სამარაგო რეზერვუარების შევსება ყოველთვის მეტ დროს ითხოვს.
თბილისს წყალმომარაგება 22:00 საათიდან, ეტაპობრივად აღუდგება.
