არასამთავრობო ორგანიზაცია „გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფმა“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან დღეს გიგანტური კაშხლების მშენებლობა და ტყეების მასობრივი გასხვისება გააპროტესტა.
როგორც „ნიუსპრესს“ „გრინფისის მხარდაჭერთა ჯგუფის“ ხელმძღვანელმა ლაშა ჩხარტიშვილმა განუცხადა, აქციის მთავარი მოთხოვნა საქართველოში გიგანტური კაშხლების მშენებლობის შეწყვეტაა.
მისი თქმით, ტყეების გასხვისების მიზანს მხოლოდ გარკვეული რესურსების მიღება წარმოადგენს, რის შედეგადაც ბუნება ნადგურდება. გიგანტური ჰესების მშენებლობა კი, ეკოლოგიურ საფრთხეებს იწვევს.
„მათი მშენებლობის დროს იტბორება უზარმაზარი ტერიტორიები, წყალქვეშ ხვდება უნიკალური ბუნების ნაწილი - კულტურული მემკვიდრეობა, მათ შორის, ეკლესიები და სხვა ძეგლები, სოფლები და ა.შ. მათი მშენებლობის დროს, ერთი მხრივ კლიმატის ცვლილება ადამიანთა ჯანმრთელობაზე აისახება, ხოლო მეორე მხრივ, ბუნებრივი კატასტროფები ხშირდება“- განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში გიგანტური ჰესები არ უნდა აშენდეს, ხოლო მცირე და საშუალო სიმძლავრის ჰესების მშენებლობა შესაბამისი ეკოლოგიური სტანდარტების გათვალისწინებით უნდა მოხდეს.
„ჩვენს მოთხოვნებს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. მიხეილ სააკაშვილმა გაააქტიურა გიგანტური კაშხლების კამპანია. ეს კაშხლები საქართველოს მოსახლეობისთვის ეკონომიკური თვალსაზრისითაც არაფრის მომტანი არ არის“ - აღნიშნა ჩხარტიშვილმა.
