მიხაკო წერეთლის საქართველოში გადმოსვენების საკითხზე კომისია იმუშავებს.
ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის მიხაკო წერეთლის საქართველოში გადმოსვენების საკითხზე სპეციალური კომისია იმუშავებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში პაპაუნა დავითაიამ განუცხადა.
მისი განმარტებით, წერეთლის საქართველოში გადმოსვენების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც საფრანგეთიდან ჩამოტანილი არქივები შეისწავლეს.
სახელმწიფო მინისტრის განმარტებით, მიხაკო წერეთლის სურვილი იყო საქართველოში მისი დის გვერდით, ცხრუკვეთში დაეკრძალათ. იგივე თხოვნა მის შთამომავლებსაც ჰქონდათ.
„მიხაკო წერეთელი დიდი მოღვაწე იყო და მისი ანდერძი უნდა აღსრულდეს. თუმცა, გადაწყვეტილებას მისი გადმოსვენების საკითხზე სპეციალურად შექმნილი კომისია, კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების შემდეგ მიიღებს’’ - განაცხადა პაპუნა დავითაიამ.
ემიგრაციაში მყოფი მიხაკო წერეთელი 1965 წელს გარდაიცვალა და საფრანგეთში, ლევილის ქართველთა სასაფლაოზეა დაკრძალული.
