193-ე საჯარო, ლოგოპედური სკოლის მოსწავლეთა მშობლები სკოლის გაუქმებასა და მის 203-ე სკოლასთან გაერთიანებას აპროტესტებენ.
მშობლები ითხოვენ, რომ მათი შვილებისთვის სკოლის ალტერნატიული ფართი გამოინახოს.დღეს ისინი პარლამენტში ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძესა და ფრაქციის მდივანს გიორგი ცაგარეიშვილს შეხვდნენ.
როგორც მშობლები განმარტავენ, 203–ე სკოლა მხოლოდ სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის არის განკუთვნილი, ლოგოპედური პრობლემები კი განსხვავებულია და ამიტომ ამ სკოლების გაერთიანება ბავშვებისათვის სასარგებლო არ იქნება.
მათი თქმით, ლოგოპედური სკოლა რესპუბლიკური დანიშნულებისაა და ისინი თბილისში საცხოვრებლად სხვადასხვა რაიონებიდან სპეციალურად შვილების მიზეზით ჩამოვიდნენ.
მშობლები განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინს მათი პრობლემისა და მოთხოვნის გათვალისწინებას სთხოვენ. ისინი შაშკინისგან პასუხს 17 თებერვლამდე ელიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტს აქციების ფორმით გამოხატავენ.
დიმიტრი ლორთქიფანიძე და გია ცაგარეიშვილი 193-ე ლოგოპედური სკოლის გაუქმებას მის ადგილმდებარებას უკავშირებენ. სკოლა ოპერის უკან, ლაღიძის ქუჩაზე მდებარეობს. დეპუტატები დარწმუნებული არიან, რომ სკოლის შენობა მისი შემდგომი პრივატიზაციის მიზნით ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა.
ლოგოპედურ სკოლაში ამჟამად 144 ბავშვი სწავლობს.
