საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ Google Map-ზე დედაქალაქის 8 რაიონის მონაცემები განათავსა
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ Google Map-ზე დედაქალაქის 8 რაიონის მონაცემები განათავსა
12:10 08.10.2014
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სამსახურის ინფორმაციით, დაინტერესებულ მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ გლდანის, საბურთალოს, სამგორის, ისნის, მთაწმინდის, კრწანისისა და ჩუღურეთის რაიონების მთლიანი გზათაქსელი, შესაბამისი ნუმერაციით დანომრილი ყველა შენობა და ნაგებობა პოპულარულ სერვის Google -ზე მოიძიონ. ამას გარდა, რუკაზე დატანილია საშუალო სკოლების საზღვრებიც და თითოეული მათგანი საკუთარი ნომრითაა აღნიშნული.

საჯარო რეესტრის ინფორმაციითვე, Google-ს რუკას თანდათან ემატება თბილისის მწვანე საფარიც - პარკები, ბაღები და სკვერები. ამჟამად კი უწყების GIS სპეციალისტები Google Map-ზე დიდუბის რაიონის მონაცემებს ათავსებენ. მისი დასრულების შემდეგ კი მუშაობა, ბოლო - ნაძალადევის რაიონზე დაიწყება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო თბილისის Google Map-ზე განთავსების მთლიანად დასრულებას 2015 წელს გეგმავს.

Google-ს რუკაზე საქართველოს შესახებ ინფორმაცია ორწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ძალისხმევით, 2011 წელს გაჩნდა. ამჟამად უწყება Google maps-ს რეგიონალური ადმინისტრატორია. რუკაზე მუშაობა მუდმივი, უწყვეტი პროცესია და ამ მიმართულებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქმიანობას კვლავაც გააგრძელებს.


ბეჭდვა