„მწვანე ალტერნატივა“ - ნებართვის გამცემ სტრუქტურებზე პრეზიდენტი ზეწოლას ახდენს
„მწვანე ალტერნატივა“ - ნებართვის გამცემ სტრუქტურებზე პრეზიდენტი ზეწოლას ახდენს
19:05 23.04.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ სვანეთში „ნენსკრაჰესის“ მშენებლობის პროექტის განხორციელებას ეკოლოგიური თვალსაზრისით უარყოფით შეფასებას აძლევს.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ნაკრისა და ნენსკრას ხეობებსა და მდინარეების ეკოსისტემაზე აღნიშნული ჰესების მშენებლობას მკვეთრად უარყოფითი ზეგავლენა ექნება.
განცხადების თანახმად, სვანეთის მაღალმთიანეთში 400 ჰა-მდე ხელუხლებელი ტყე გაიჩეხება, რაც სრულად შეცვლის არსებულ ბუნებრივ ლანდშაფტს.
„ნენსკრასა და ხუდონზე რეზერვუარების ერთობლივი ზემოქმედება ადგილობრივი კლიმატის ცვლილების თვალსაზრისით, ადამიანთა ჯანმრთელობას გააუარესებს და სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკაში ცვლილებას გამოიწვევს. პროექტის უშუალო ზემოქმედების არეალში მნიშვნელოვნად გააქტიურდება მყინვარების დნობის პროცესი“- ნათქვამია განცხადებაში.
„მწვანე ალტერნატივის“ ინფორმაციით, 23 თებერვალს, მესტიაში ჩატარებულ საჯარო განხილვაზე, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა „ნენსკრაჰესის“ მშენებლობის მიმართ თავისი ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატა.
„სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი გადაწყვეტილებით ზეწოლას ახდენს ნებართვის გამცემ სტრუქტურებზე. აგრეთვე, ის დიდი კაშხლების მშენებლობებით მოსახლეობაში გამოწვეულ სამართლიან შეშფოთებას უგულებელყოფს“- აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
მშენებლობა ორ ეტაპად განხორციელდება. მდინარე ნენსკრაზე 210 მგვტ სიმძლავრის ჰესი და 130 მ სიმაღლის ქვანაყარი კაშხალი აშენდება. მეორე ფაზაზე კი, 11.8 კმ სიგრძის სადერივაციო გვირაბის საშუალებით, მდინარე ნაკრას წყლის მდინარე ნენსკრას ხეობაში გადაგდება და დამატებით 90 მგვტ სიმძლავრის გამომუშავება იგეგმება.

ბეჭდვა