ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს ახალი სამკითხველო დარბაზები გაიხსნა.
როგორც „ნიუსპრესს“ თსუ-დან აცნობეს, შოთა რუსთაველის სახელობის ცენტრალური და მარო მაყაშვილის სახელობის მცირე სამკითხველო დარბაზები თანამედროვე ლიტერატურით და ტექნიკითაა აღჭურვილი, აქვს კომპიუტერული ცენტრი.
ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პარლამენტის, აკადემიური წრეების და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თსუ-ს რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია უნივერსიტეტის პირველი კორპუსის რეაბილიტაციის ფარგლებში მოხდა.
თსუ-ს ბიბლიოთეკას დღეს უნიკალური გამოცემები შეემატა.
უნივერსიტეტის რექტორის ოჯახმა თსუ-ს საჩუქრად ბაბუის - აკადემიკოს შოთა მესხიას პირადი ბიბლიოთეკა გადასცა. აკადემიკოს ანდრია აფაქიძის ბიბლიოთეკა უნივერსიტეტს მისმა შვილიშვილმა პიანისტმა დუდანა მაზმანიშვილმა უსახსოვრა.
დღეს გახდა ცნობილი, რომ მომავალში უნივერსიტეტს აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის პირადი ბიბლიოთეკაც გადაეცემა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა 1918 წელს უნივერსიტეტის გახსნისთანავე შეიქმნა. მას საფუძვლად გამოჩენილი ქართველი პუბლიცისტის კიტა აბაშიძის წიგნების პირადი კოლექცია დაედო. დღეს თსუ-ს ბიბლიოთეკა მილიონობით საბიბლიოთეკო ერთეულს ითვლის.
