კამპანიის – „მიიღე გაზეთი სახლში“ ფარგლებში, „თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციამ“ თბილისის უბნებში საფოსტო ყუთების დამონტაჟება დაიწყო.
როგორც „ნიუსპრესს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, სპეციალურად დამზადებული ყუთები უკვე დამონტაჟდა გლდანისა და საბურთალოს რამდენიმე მრავალსართულიანი სახლის სადარბაზოებში.
კამპანიას – „მიიღე გაზეთი სახლში“ „თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაცია“ პარტნიორ, პრესის გამავრცელებელ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს. გაზეთების გამოწერისთვის მსურველებმა სწორედ მათ უნდა მიმართონ.
დღეისთვის დამონტაჟებულია საფოსტო ყუთების 16 ბლოკი, 8 საბურთალოსა და 8 გლდანში. თითოეული ბლოკი 5 საფოსტო ყუთისგან შედგება. საფოსტო ყუთებთან ერთად, სადარბაზოებში მონტაჟდება სპეციალური ბანერები, რომელიც პრესის გამავრცელებელი ორგანიზაციების საკონტაქტო ინფორმაციას შეიცავს.
„თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაცია“ უსასყიდლოდ ამონტაჟებს საფოსტო ყუთებს იმ სადარბაზოებში, რომელთა მცხოვრებლებიც პრესის გამოწერის სურვილს გამოთქვამენ.
„თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციის“ მიერ 2012 წლის მარტში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ჟურნალ–გაზეთების გამოწერის სურვილს რესპოდენტთა 45% აფიქსირებდა.
