საქართველოში მსოფლიო იმუნიზაციის კვირეული მიმდინარეობს
საქართველოში მსოფლიო იმუნიზაციის კვირეული მიმდინარეობს
13:23 22.04.2012
საქართველოსა და ევროპის რეგიონის სხვა ქვეყნებში 21-27 აპრილს იმუნიზაციის კვირეული ტარდება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონული ბიუროს მიერ არის ორგანიზებული და ის ყოველწლიურად იმართება.
კვირეულის მიზანი მოსახლეობისთვის, მედიისთვის, ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტებისთვის და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის იმუნიზაციის აქტუალობის შეხსენება და ინფორმაციის მიწოდებაა.
ევროპის იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები, რეგიონში ვაქცინაციით მოცვის მაჩვენებლის გაუმჯობესებისა და იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით ეწყობა.
ევროპის იმუნიზაციის კვირეული ისეთ დაავადებებზეა მიმართული, რომელთა თავიდან აცილება ვაქცინაციით არის შესაძლებელი.
საქართველო, როგორც ჯანმო-ს ევროპის რეგიონის წევრი ქვეყანა, იმუნიზაციის კვირეულში 2007 წლიდან მონაწილეობს.
კვირეულის ფარგლებში, პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტებმა მათ სამოქმედო ტერიტორიაზე ყველა მშობელს, როგორც მათი შვილების ვაქცინაციის სტატუსის, ასევე, ზოგადად აცრების აუცილებლობის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდონ. ამასთანავე, უნდა განუმარტონ თუ რა საფრთხეს უქმნის არავაქცინირებულ ბავშვს დაავადება, რომლის თავიდან აცილებაც იმუნიზაციის გზითაა შესაძლებელი.
საქართველოში აცრები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად ტარდება.
სახელმწიფო 10 დაავადების - ტუბერკულოზის, დიფტერიის, ყივანახველის, ტეტანუსის, პოლიომიელიტის, წითელას, წითურის, ყბაყურის, ბ ჰეპატიტის და ბ ტიპის ჰემოფილუს ინფლუენცას საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას უზრუნველყოფს.

ბეჭდვა