საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი სახელმწიფო დაზღვევის ხელმისაწვდომობის შემოწმების მიზნით დღეს ბაღდათში იმყოფებოდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჭიაბერაშვილი მშვილდაძეების სოციალურად დაუცველ ოჯახს ეწვია და მათი მდგომარეობით დაინტერესდა.
როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, მშვილდაძეები 2007 წლიდან სახელმწიფოს მიზნობრივი სოციალური დახმარების მიმღებთა ერთიან ბაზაში არიან რეგისტრირებულნი, ისინი საარსებო შემწეობას იღებენ და ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისს ფლობენ.
ჯანდაცვის მინისტრმა ბაღდათში „ჯეო ჰოსპიტალსის" კუთვნილი მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრიც მოინახულა.
ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კლინიკა 15 საწოლიანია და მასში 104 ადამიანია დასაქმებული.
საავადმყოფოს ასაშენებლად სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი ჰოლდინგმა" 2 მილიონ 700 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელა. კლინიკამ ფუნქციონირება 2011 წლის 1 დეკემბერს დაიწყო.
